სასარგებლო რჩევები

ბიუჯეტის დაზოგვა ჰიდროიზოლაციაზე

ბიუჯეტის დაზოგვა ჰიდროიზოლაციაზე

ბევრი ხელოსანი ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს. დამკვეთი კი არ არის ვალდებული იცოდეს.
  არადა, გვერწმუნეთ, ეს აუცილებელი, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო სეგმენტია სარემონტო სამუშაოების პროცესში. ამ მხრივ, საქართველოში ჯერ არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა, რადგან იძულებითი ხელოსნები პროფესიონალებზე ბევრად მეტნი არიან, შესაბამისად, ჰიდროიზოლაციის საკითხიც მოიკოჭლებს. როგორც იტყვიან, არ ცოდნა არ ცოდვაა (ამ შემთხვევას არ ეხება), მაგრამ როდესაც ხელოსანი გიმტკიცებს, რომ ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები არის "ზედმეტი ფულის ფლანგვა და ფოკუსნიკობა", ეს უკვე გაუნათლებლობის მწვავე ფორმაა და ასეთ დროს საპირისპიროს მტკიცებას აზრი არ აქვს. ამ დროს ერთადერთი გამოსავალია - მოძებნოთ სხვა ხელოსანი.

კიდევ ერთი აქტუალური საკითხი ამ სეგმენტში - ეს არის კომპეტენტურობა, ანუ საქმის ცოდნა, რომელიც, თავის მხრივ, ორ ნაწილად იმიჯნება. პირველი - ხელობა და მეორე - მასალების შერჩევა ხარისხის და ნიადაგთან თავსებადობის მიხედვით. ხელობის კუთხით, ცოდნის მოპოვების ორი ძირითადი წყარო არსებობს: პირველი - დიდი სავაჭრო წერტილები, სადაც ხელოსნებს უტარებენ სპეციალურ ტრენინგებს თავიანთი პროდუქციის გასაღების მიზნით. და მეორე- უცხოეთში შეძენილი ცოდნის გაზიარება ქართველი ხელოსნებისთვის. რაც შეეხება მასალის ხარისხის გარჩევას და მის დანიშნულებას, აქ უფრო ღრმა ცოდნა და შედარებით დიდი გამოცდილებაა საჭირო.სწორედ გამოცდილებაზეა დამოკიდებული სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციის კომპონენტების ცოდნა და მათი სწორად შერჩევა. 

  ზემოთ ხსენებული „ცოდნის კვალი“ მკვეთრად ატყვია ჩვენი ქალაქის ახალმშენებარე სახლების სახურავებს - თითქმის ყველა მათგანს აქვს პრობლემა და ჟონავს წყალი. ამის მიზეზი ერთადერთია - ხარისხიანი ჰიდროსაიზოლაციო მასალა იაფი არ ღირს, ზოგიერთი მშენებელი კი თავს არიდებს ძვირიან მასალას. ზოგიერთი არ ამბობს უარს ხარისხიან მასალაზე, მაგრამ ხელობის ხარისხია დაბალი. საბოლოო ჯამში, ნამუსიან მშენებელს სწორად შენება ძალიან ძვირი უჯდება.
  მოკლედ რომ ვთქვათ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ აივანზე და აბაზანაში ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებზე ეკონომიის გაკეთება დიდ რისკებს უკავშირდება. თუკი ვინმეს ის არ გაუკეთებია და დღეს არხეინად ცხოვრობს, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ გაგიმართლათ. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ყველას პასუხისმგებლობა გეკისრებათ მეზობლების წინაშეც. თუ რატომ, გადაავლეთ თვალი ჩვენს სტატიებს აბაზანის და აივნების ჰიდროიზოლაციის შესახებ. ახლა კი კიდევ ერთხელ მოგაწვდით საუკეთესო რჩევას:

ანდეთ სამუშაოები მხოლოდ საქმის სპეციალისტებს და არ დაზოგოთ ფული მასალის შეძენის დროს. გაითვალისწინეთ, რომ არასწორად გაკეთებულ ჰიდროიზოლაციას არავითარი შედეგი არა აქვს!

ყველა სტატიები გავრცელებული შეცდომები