სასარგებლო რჩევები

აბაზანის ჰიდროიზოლირების წესები

აბაზანის ჰიდროიზოლირების წესები

აივნების ჰიდროიზოლაციის შემდეგ მნიშვნელოვანია შევეხოთ აბაზანის ჰიდროიზოლაციის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროიზოლაცია მეზობლებს შემთხვევითი ავარიული დატბორვისაგანაც იცავს, მისი ძირითადი ფუნქცია ბეტონის საფარის დაცვაა, რადგან ბეტონში ნელ-ნელა გაჟონილი წყალი აზიანებს მას და შეუძლია, რამდენიმე წლის შემდეგ კონსტრუქცია (ან მისი ფრაგმენტი) ავარიულად აქციოს.
 ასევე, ჰიდროსაიზოლაციო ხსნარი ხელს უშლის ბაქტერიების და სოკოს გამრავლებას. სოკოსა და შავი ობის მოშორება ძნელია, მარტივია თადარიგის დაჭერა.
  ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები განვიხილოთ მშენებარე აბაზანის მაგალითზე, სადაც იატაკი მოჭიმულია ქვიშაცემენტით. როგორც ვიცით, ხარისხიანი შედეგისთვის საჭიროა მასალის სწორი შერჩევა. ჰიდროსაიზოლაციო ხსნარები სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულებისაა. თვითშემოქმედება ამ დროს სარისკოა, უკეთესია საქმის  პროფესიონალებისთვის მინდობა. დასაწყისისთვის მოვამზადოთ იატაკის და კედლის ნიადაგი, სადაც ხსნარს წავუსვამთ. მოჭიმული იატაკი კარგად უნდა გაიწმინდოს ყოველგვარი ნაგვისა და მტვრისგან. თუ მასზე დაზიანებული, ჩაღრმავებული მონაკვეთებია, უნდა ამოივსოს და გასწორდეს. ის კედლები, რომელთა ხსნარით დამუშავებასაც ვაპირებთ, ამგვარად უნდა მომზადდეს.
  თუ ამის საშუალება არსებობს, უმჯობესია კედლები ჰიდროსაიზოლაციო ხსნარით სრულად დაიფაროს, თუმცა, აუცილებელი ნამდვილად არაა, აი, კედლები კი ნამდვილად უნდა დამუშავდეს სრულ პერიმეტრზე - იატაკიდან 10-20 სმ სიმაღლეზე. კარგი იქნება თუ საშხაპე ზონის მონაკვეთზე კედლებს სრულად დავამუშავებთ ხსნარით. ჯერ მომზადებულ ადგილებზე წავუსვათ ღრმად შეღწევადი პრაიმერი, ან უგრუნტი და ვაცალოთ გაშრობა. ამით ხსნარის ადჰეზიას შეუწყობთ ხელს ნიადაგთან მიმართებაში.

 ხსნარი უნდა შეირჩეს ნიადაგის ტიპიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს ბეტონით მოჭიმული იატაკი. აქ მიზანშეწონილია ცემენტის ან პოლიმერების ნიადაგზე დამზადებული ხსნარის გამოყენება. მაგალითად შეგიძლიათ გამოიყენოთ SL 17 Isomat. ეს უნივერსალური, მზა პოლიმერების ნიადაგზე დამზადებული ხსნარია, აივნებსა და აბაზანებში გამოსაყენებლად. ის იმით არის კარგი, რომ თავსებადია შემდეგი ტიპის ნიადაგებთან: ბეტონი, ბათქაში, თაბაშირ-მიყაოსფილები, ხე, რკინა. ხსნარის წასმამდე საჭიროა კედლისა და ძირის მიერთების კუთხეები დამუშავდეს სპეციალური, არმირებული ლენტით. იმისათვის, რომ სააბაზანო ზონა ჰერმეტული გახდეს, ის უნდა გამოვყოთ იზოლირებულად დანარჩენი საცხოვრებელი ფართისაგან, წყლის გაჟონვის შესაკავებლად.

  კუთხეების არმირების შემდეგ ისმება ხსნარის პირველი პირი (სამღებრო ფუნჯით, ღილვაკით ან შპატელით) მხოლოდ ერთი მიმართულებით, წინ და უკან. გაშრობის შემდეგ უნდა წაესვას მეორე პირი, ოღონდ პირველის პერპენდიკულარულად, ანუ ჯვარედინად. ხსნარის წასმის ასეთი მეთოდი მაქსიმალურად გამორიცხავს გამოტოვებულ (დაუმუშავებელ) ადგილებს. საუბარია ჰიდროიზოლაციის ზედაპირზე დარჩენილ მიკრონასვრეტზე, რომელიც შესაძლოა წყლის საფარიდან ბეტონში კარგი გამტარებელი გახდეს.

  თუ აბაზანის ხსნარით სრულად დამუშავებას აპირებთ, უნდა დაიწყოთ კედლით - ზევიდან ქვემოთ. კედლის უკვე ჰიდროიზოლირებული ზედაპირი უნდა მოპირკეთდეს კაფელის ფილებით (ან სხვა მასალით), ქვედა ერთი რიგის გამოკლებით. კედლის მოპირკეთების შემდეგ ძირი უნდა დამუშავდეს ჰიდროსაიზოლაციო საფარით. თუ კედლები ხსნარით არ მუშავდება, საჭიროა, რომ ძირთან ერთად, მთელ პერიმეტრზე - 10-20 სმ სიმაღლეზე დამუშავდეს კედლების მონაკვეთი. საბოლოო ჯამში, ბორტიანი პლასმასის თასის მსგავსი ძირი უნდა მივიღოთ.

აწი შეიძლება ძირის მოპირკეთება დავიწყოთ მეტლახით. ჰიდროიზოლაციის საკითხში არის სხვა ნიუანსებიც, რომელიც დამოკიდებულია ხსნარის დანიშნულების კატეგორიაზე და სხვა ფაქტორებზე. მაგრამ ეს უკვე, უშუალოდ, ამ პროფილის სპეციალისტების პრეროგატივაა.

ჩვენ ეს საკითხი მოკლედ განვიხილეთ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში

ყველა სტატიები სასარგებლო რჩევები