სასარგებლო რჩევები

ფარული სამუშაოების როლი ბინის რემონტის დროს.

სამშენებლო სფეროში, ისევე როგორც სარემონტო სამუშაოების დროს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ფარულ სამუშაოებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ისეთი სამუშაოებია რომელიც სრულდება ყველა სეგმენტის სამუშაოების დასაწყის ეტაპზე და შემდეგ იმალება მოსაპირკეთებელი მასალებით.
ისინი წარმოადგენენ სარემონტო სამუშაოების ძირითად ღერძს და მათზეა დამოკიდებული რემონტის ხარისხი, ვადები და საბოლოო ფასი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ ფარული სამუშაოების ჯაჭვიდან რომელიმე რგოლს (მით უფრო რამოდენიმეს) გამოვტოვებთ და შემდეგ გემოვნებით მოვიხმაროთ ისეთი ძვირადღირებული მოსაპირკეთებელი მასალები როგორიცაა ესპანური პორსელანის ფილები, კვარც-ვინილის ლამინატი, Swarovski-ის შპალიერი, Jotun-ის საღებავი და სხვა, რემონტი მაინც უვარგისი იქნება. მაგრამ ის ლამაზი და "ძვირფასი" იქნება. უფრო მეტიც, ეს იქნება შენელებული მოქმედების ნაღმი და მრავალი წლების მანძილზე მოუწყობს მეპატრონეს პატარპატარა სურპრიზებს.

ჩამოგითვლით ძირითად ფარულ სამუშაოებს:
  • კონდიციონერის სადრენაჟე მილების მოწყობა;
  • სრულ პერიმეტრზე გასაჭიმი ჭერის ზევით ნახვრეტების, გამჭოლი ღიობების გერმეტიზაცია;
  • რკინაბეტონის კონსტრუქციების არმირება (საჭირო შემთხვევაში);
  • აბაზანის და აივნის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები;
  • ზედაპირის სასწორი პროფილების, არმირების და სხვა საწყისი დეტალების გამო დარჩენილი არხების სწორად დაფარვა/დამუშავება;
  • კედელში ჩასაშენებელი კონსტრუქციების მონტაჟი;
  • საკომუნიკაციო შახტებში ვენტილაციის და კანალიზაციის სისტემის სწორად მოწყობა;
  • მოჭიმული იატაკის დამუშავება მოპირკეთების წინ (ან არმირება ან პრაიმერით დამუშავება);
  • კედლების დამუშავება სოკოსაწინააღმდეგო სითხით, სრულ პერიმეტრზე (აქტუალურია ბათუმის პირობებში);
  • არსებული ხის დეტალების სპეციალური ხსნარით დამუშავება;
  • რკინის დეტალების ან კონსტრუქციების ანტიკოროზიული ხსნარით დამუშავება;
  • თაბაშირ-მუყაოს ფილების და მათი დაშორიშორებების სწორად დამუშავება;
  • დამიწება ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების დროს;
  • სანტექნიკის, გათბობის და კანალიზაციის სისტემის მონტაჟი და წინარე ტესტირება.
უფრო ვრცლად განვიხილოთ თუ როგორ მოქმედებს ფარული სამუშაოები რემონტის ხარისხზე, ვადებზე და ფასზე.
მასალები რომლებიც მოიხმარება ფარული სამუშაოების დროს არსებობს როგორც ხარისხიანი და უხარისხო, ასევე ვადაგასული და საწყობში არასწორად შენახული (შენახვის სტანდარტების დარღვევით) და ა.შ. ხარისხიანი მასალები, რა თქმა უნდა, ძვირი ღირს, თან ფარული სამუშაოების სია პატარა არ არის. გასათვალისწინებელი არის ისიც, რომ ამ სამუშაოების სწორად წარმოება ძალუძს მხოლოდ გამოცდილ სპეციალისტს, ვინც არ მუშაობს დაბალ ფასებში. სამაგიეროდ ყოველი ამ სამუშაოების რგოლის გამოტოვებას არაკეთილსინდისიერ მენარდისთვის მოაქვს კარგი მატერიალური დანაზოგი, რასაც სამწუხაროდ შემკვეთი ვერ ხედავს და ვერ ხვდება. ხშირად უფრო მეტად ხელოსნები (ან მათი გუნდი) არიან დაინტერესებულნი ამ სამუშაოების გამოტოვებაში, რადგან ამით მათ ხელი ეშლებათ საქმის მალე "დასრულებაში" და შემკვეთთან ჩქარ ანგარიშსწორებაში. ცხადია, ყველა ნორმების დაცვით შეუძლებელია რემონტის ძალიან სწრაფად დასრულება, მას გააჩნია სტანდარტული ვადები. გაითვალისწინეთ, თუ ძალიან ადრე დაგიმთავრენ კომპლექსური რემონტი - რაღაც ფარული სამუშაოები გამოტოვებულია.
მაგალითად, აბაზანის იატაკის (კედლების შემდეგ) დაგებას კარგ ხელოსანს სჭირდება საშუალოდ 4-7 საათი. მაგრამ თუ სწორად მოვაწყობთ აბაზანის იატაკს, ჰიდროიზოლაციის გათვალისწინებით, მის დასრულებას დაჭირდება 2-3 დღე. რადგან ჰიდროიზოლაციის სწორად მოწყობა შედგება მისი დამუშავების ორი ეტაპისაგან. მეორე ფენა საპირისპირო მიმართულებით ისმება როდესაც პირველი კარგად გაშრება (მოცდას საჭიროებს), თანაც კუთხეები არმირებული ლენტებით მუშავდება.
ასეთი სპეციფიკა გააჩნია ფარული სამუშაოების ყველა რგოლს, რაც მათ "წამგებიანს" ხდის ბევრი არაკეთილსინდისიერი ხელოსნისთვის და ხშირად აქვს ადგილი მათ მხრიდან ცდუნებებს გამოტოვონ ზოგი ამდაგვარი სამუშაოები. მათ ზურგს უმაგრებს ის ფაქტი რომ ეს ყოველივე არ ჩანს რადგან შემდეგ ეტაპზე მოპირკეთდება ლამაზი მასალებით. მომავალში რა იქნება მათ არ აინტერესებთ, მთავარია ფული ჩქარა აიღონ.