სასარგებლო რჩევები

ნესტიანი ოთახის კედლების მოპირკეთება

ნესტიანი ოთახის კედლების მოპირკეთება

ამ სტატიაში სუბტროპიკული ზონის - აჭარის მაცხოვრებლებს მივცეთ პრაქტიკული რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ნესტისგან დავიცვათ ოთახის ის კედლები, რომელიც ფასადს ემიჯნება.
  ყველამ ვიცით, რომ რეგიონში ნესტიანი და წვიმიანი კლიმატური პირობებია, რასაც ბევრი უსიამოვნება მოაქვს ბინების მეპატრონეებისთვის. არის კიდევ ერთი მიზეზი, რაც ხელს უწყობს წყლისა და ნესტის შეღწევას ფასადიდან ბინაში. ეს არასწორად და შეცდომით ჩატარებული ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოებია. თუმცა ამ საკითხს არ შევეხებით, რადგან მის ხარისხზე ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ, ეს მშენებლის პრეროგატივაა. მაგრამ ის კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ ბინის ინტერიერი ნესტის, წყლისა და სოკოსაგან გადავარჩინოთ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დამკვეთს ჩვენებურ გამოსავალს ვთავაზობთ. ახლა კი შემოგთავაზებთ ჩვენეულ მეთოდს: 

 გავიმეორებთ, რომ საუბარი გვექნება მხოლოდ ფასადის პერიმეტრის შიდა კედლებზე, ანუ კორპუსის კიდეებში არსებულ კედლებზე, საიდანაც შესაძლებელია წყლის შეღწევა. სტატიაში „შპაკლის სწორად შერჩევა“ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ თაბაშირის ნიადაგზე დამზადებულ საფითხნებს (პირველი და მეორე პირი) გააჩნია წყლის და ნესტის შეწოვის უნარი. იქვე, ხაზი გავუსვით ალტერნატიული მასალების ძვირადღირებულებას. ამიტომ, ამ სახის მოსაპირკეთებელი სამუშაოების მიმართ ჩვენ ინდივიდუალური მიდგომა გაგვაჩნია.

დავიწყოთ ბათქაშით.

  ჩვენთან, საქართველოში გამოიყენება ბათქაში თაბაშირის (თეთრი) და ცემენტის და ქვიშის ნიადაგზე (შავი). აჭარის პირობებში უმჯობესია შავი ბათქაშის მოხმარება.
  დააკვირდით, ყველა მშენებელი აბაზანის კედლებს მხოლოდ შავი ბათქაშით ამუშავებს, რადგან თეთრი დიდხანს ვერ ძლებს ნესტიან გარემოში. შავი ბათქაშის მოხმარებისას ისინი პრობლემას მხოლოდ იმაში ხედავენ, რომ მოუხერხებელია აზიდვისა და სისუფთავის (მოგვიანებით უკვე მესაკუთრის მხრიდან) მხრივ, რაც ზრდის ხარჯებს. ამიტომ გირჩევთ, არჩევანი გააკეთოთ შავი ბათქაშის სასარგებლოდ. მაგრამ,თუ რაიმე მიზეზის გამო თეთრი ბათქაშის მასალა იქნა შესყიდული, სცადეთ, გარეთ გამავალი კედლები მაინც დაამუშავოთ შავი ბათქაშით. ამასთანავე, თუ რკინაბეტონის რიგელები არის ობიექტზე, აუცილებლად წინასწარ, სათანადოდ დაამუშავეთ სპეციალური ხსნარით, ე. წ. ბეტონოკონტაქტით.
  კედლების მობათქაშების შემდეგ, შეიძლება დავამუშაოთ იგივე საპრობლემო კედლები, მაგალითად, სპეციალური ჰიდროსაიზოლაციო ხსნარით - Aquamat Isomat-ით, რომელიც დამზადებულია ცემენტის ნიადაგზე.
  მისი მოხმარების წინ საჭიროა კედლების მომზადება და გასუფთავება, როგორც აბაზანის იატაკის შემთხვევაში. ის წყალში ზავდება და სანამ მოვიხმართ, კედლები აუცილებლად უნდა დავასველოთ წყლით და ფუნჯით უნდა დაიფაროს. პირველი პირის გაშრობის შემდეგ (2-3 საათი) მაშინვე ესმება მეორე პირი. მაგრამ ამ ხსნარის მოხმარებისას არსებობს ერთი აუცილებელი პირობა. ნიადაგი უნდა იყოს შავად მობათქაშებული, თაბაშირთან შეჭიდების კოეფიციენტი ნულს უდრიდეს. ფასადზე ჩატარებული ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შემდეგ შეიძლება კედლების შპაკლით დამუშავება. ამ შემთხვევაშიც იგივე დილემის წინაშე ვდგებით - თაბაშირის თუ აკრილის ნიადაგზე დამზადებული საფითხნი? თუ დამკვეთი ფინანსურად ვერ სწვდება ალტერნატიულ მასალებს, ჩვენ ისევ არასტანდარტულ გამოსავალს ვთავაზობთ. შიგნიდან, პოტენციურად საპრობლემო კედლებს, აკრილის (ან ცემენტის) საფითხნით ვამუშავებთ, დანარჩენი კედლები კი შეიძლება დამუშავდეს თაბაშირის საფითხნით.

 სულ ეს იყო, რისი თქმაც გვინდოდა!

ყველა სტატიები როგორ ვმუშაობთ