სასარგებლო რჩევები

საკანალიზაციო მილების ხმის ჩახშობა

საკანალიზაციო მილების ხმის ჩახშობა

ეს საკითხი აქტუალურია ახალ მშენებარე კორპუსებსა და კერძო სახლებში. ხმა შახტის მილებში ყველას უშლის ხელს. ძირითადად, ეს მილები ყველა კორპუსში გაშიშვლებულია.
  სანამ საკანალიზაციო შახტებს ამოაშენებენ, აუცილებლად სცადეთ, მილების იზოლირება ხმისჩამხშობი მასალით. შესაფუთი მასალის სახეობა კი სპეციალისტს მიანდეთ. ამისთვის შესაძლოა გამოიყენოთ სპეციალური კაუჩუკის ლენტის რულონები ან ფოლგაში დაპრესილი მინაბამბა. ოღონდ გასათვალისწინებელი არის ის სამწუხარო ფაქტი, რომ კორპუსებში მუშაობს მრავალი ხელოსანი, მცოდნე, უცოდინარი და მთვრალიც. ხშირად გვხდება ისეთი ვითარება, როდესაც შახტის ზოგ მონაკვეთზე საკანალიზაციო მილები არ არის ხარისხიანად დაერთებული. ამიტომ ზემოთ ხსენებული შახტი ხშირად ხდება წყლისა და ნესტის შეღწევის კერა. ეცადეთ, მილები ნესტგამძლე მასალით შეფუთოთ, რომ დიდხანს შეინარჩუნონ თავის დანიშნულება. ასევე აუცილებელია მათი (უფრო რბილი მასალის) კარგად დაფიქსირება, რადგან დროის მოკლე მონაკვეთში საიზოლაციო მასალას, მაგალითად ქვაბამბას, შეუძლია წყლის ზეწოლის გამო დაბლა დაიწიოს.

  ასევე ბევრი თვითნასწავლი ან ახალბედა ხელოსანი უშვებს შემდეგი სახის შეცდომებს - ამოშენებამდე, მილების ირგვლივ, შახტის ქვედა და ზედა სივრცეს ჰერმეტულად აპირკეთებენ ქვიშაცემენტით. ამის მიზეზი ერთადერთია - დასხმის ან ამოშენებისას ქვემოთ არ ჩაცვივდეს სამშენებლო მასალა. ეს არის უხეში შეცდომა. პირიქით, შახტის დანიშნულება სწორედ ის არის, რომ მან უნდა იტვირთოს მილების უსაფრთხო გვირაბის (გამტარის) როლი. და თუ თქვენ მილების ირგვლივ ჰერმეტულად მოაპირკეთებთ, ზევიდან ჩამოღვრილი წყალი ქვევით ვეღარ წავა და თქვენსავე კედლებს დააზიანებს.

ყველა სტატიები როგორ ვმუშაობთ