სასარგებლო რჩევები

საფითხნის (შპაკლის) სწორად შერჩევა

საფითხნის (შპაკლის) სწორად შერჩევა

შიდა სარემონტო სამუშაოების დროს, შეღებვამდე, კედლებს სუფთა საფითხნით (ე.წ. შპაკლი) ამუშავებენ. ეს ყველასთვის ცნობილია, ძირითადად, სუფთა (ბოლო) პირზე ვსაუბრობთ.
  მაგრამ, ჩვენ გვინდა განვიხილოთ შეფითხნის (დაშპაკვლის) პროცესი ნესტიან კლიმატსა თუ ოთახებში. ეს აჭარის ყველა მაცხოვრებლისთვის მტკივნეული თემაა, განსაკუთრებით, ზღვისპირას მცხოვრებთათვის. ყველამ არ იცის,რომ მრავალი სახეობის და დანიშნულების საფითხნი არსებობს. საქართველოში ყველა ერთსულოვნად ხმარობს თაბაშირის ნიადაგზე დამზადებულ საფითხნს (მაგალითად Knauf-ს, საუკეთესო შემთხვევაში). აღმოსავლეთ საქართველოს მაცხოვრებლებისთვის, სადაც უფრო მშრალი ჰავაა, ეს სავსებით მისაღებია (გარდა სპეციფიკურ და ნესტიანი ოთახებისა), მაგრამ აჭარის ნესტიან კლიმატურ პირობებში, მის გამოყენებამდე უნდა გავითვალისწინოთ ყველა დადებითი და უარყოფითი არგუმენტი. თაბაშირი ღრუბელივით ისრუტავს ნესტს და წყალს. თაბაშირის საფითხნის მოხმარებისთვის საჭიროა პირობები, რომელიც მომავალში, ოთახებში ნესტის ან წყალის შეღწევას გამორიცხავს. ეს ძალიან ძნელი და მუდმივად ხარჯიანი პროცესია. ცუდია, რომ მენარდეების უმრავლესობა არ ესაუბრება ამის თაობაზე ფართის მეპატრონეებს. ასეთ დროს საჭიროა ალტერნატიული პოლიმერული საშუალებების გამოყენება, რაც შედარებით ძვირად ღირებულია, თუმცა ერთჯერადი ხარჯია ხანგრძლივი შედეგისთვის.
 ჩვენს დამკვეთებს, ძირითადად, აკრილის, ზოგჯერ კი ცემენტის ნიადაგზე დამზადებულ საფითხნს ვთავაზობთ. აკრილს ბევრი დადებითი თვისება აქვს, რაც მას გრძელვადიან გამძლეობას ანიჭებს. ადჰეზიის მხრივ, თავსებადია ყველა სახის ნიადაგთან.ასევე, აკრილის საფითხნს რამდენიმე გამორჩეული თვისება გააჩნია:

  • ეკოლოგიურობა;
  • წყალგაუმტარეობა;
  • ორთქლგამტარიანობა;
  • ტემპერატურის ცვლილებებისადმი მდგრადობა.

  აღსანიშნავია, რომ ეს მასალა ძალიან ელასტიკური და მოსახერხებელია. ოსტატების საყურადღებოდ, თაბაშირის საფითხნისგან განსხვავებით, მისი ზედაპირი გაშრობის შემდეგ არ იწევს დაბლა. ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია თაბაშირ-მუყაოს შეერთების არხების (ე.წ. შოვების) შეფითხნისას.
  რადგან თაბაშირ-მუყაოს ფილების დაერთების საკითხს შევეხეთ, ცოტა ვრცლად განვიხილოთ. ამ თემისთვის თავის არიდება არ შეიძლება, რადგან ყველაზე მეტი შეცდომა სწორედ ამ პროცესში ფიქსირდება. ყველაზე უპატიებელი შეცდომა არხების პირველი პირი საფითხნით დამუშავებაა (მაგალითად ABC siva-თი), თუმცა საქართველოში ეს მეთოდი ხელოსნების 90%-ში პოპულარულია. რეალურად, პირველი პირი საფითხნი უვარგისია თაბაშირ-მუყაოს ფილების დაერთების არხების დასამუშავებლად. ამისთვის არც კია გათვლილი. ამ მასალის პოპულარობას განაპირობებს მხოლოდ,ის, რომ გაშრობის შემდეგ, შედარებით, არ იწევს ქვემოთ და შესაბამისად, არ საჭიროებს მრავალჯერ დამუშავებას. მისი გამოყენებისას, ძალიან ხშირად, რემონტის დროს ზემოხსენებული არხები იბზარება და საჭიროებს კორექტირებას. ასევე, ბზარები ჩნდება რემონტის დასრულების შემდეგ. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს კორპუსის ფუნდამენტის დაწევა და შესაბამისად, ამ დროს თაბაშირ-მუყაოს რკინის კონსტრუქცია, ოდნავ დეფორმირდება. დაბზარვის სხვა მრავალი მიზეზიც არსებობს.
  თაბაშირმუყაოს შეერთების არხებისთვის არსებობს სპეციალური საფითხნი, რომელსაც მხოლოდ ეს დანიშნულება გააჩნია და უფრო ძვირიც ღირს, თუმცა საჭიროა მხოლოდ არხების დასამუშავებლად. ამიტომ, ბიუჯეტი დიდად არ იზრდება. ასეთ დროს ვიყენებთ ცნობილი კნაუფის საფითხნის ერთსახეობას - Knauf Uniflott. ის ორი ტიპისაა: სტანდარტული (ლურჯ შეფუთვაში) და ნესტგამძლე ( მწვანე შეფუთვაში). მეორე გამოიყენება ნესტიან ოთახებსა და აბაზანებში. ჩამოგითვლით მის რამდენიმე თვისებას:

  • ძალიან ელასტიკური;
  • მკვრივი;
  • არ იწევს გაშრობისას;
  • შეიძლება ლენტური ბადის გარეშე ხმარება;
  • ძნელად იბზარება.

ყველა სტატიები სასარგებლო რჩევები